საპენსიო რეფორმა

2019 წლის იანვრიდან, ქვეყანაში ახალი საპენსიო რეფორმა ამოქმედდება, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას ოფიციალურად იღებს, ამ სისტემაში ავტომატურად ჩაერთვება. 

მინდა შემოგთავაზოთ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები:

ვისზე ვრცლდება კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ ?

დამსაქმებელზე, საქართველოს მოქალაქეებზე,  საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და  მოქალაქეობის არმქონე პირებზე.

რამდენია საპენსიო  შენატანი?

თუ თქვენი ყოველწლიური ხელფასი შეადგენს 24 000  ლარზე ნაკლებს:
დასაქმებული                     დამსაქმებელი                  სახელმწიფო
ხელფასის 2%                     ხელფასის 2%                     ხელფასის 2%      
თუ თქვენი ყოველწლიური ხელფასი შეადგენს 24 000 ლარზე მეტს მაგრამ 60 000 ლარზე ნაკლებს:
დასაქმებული                    დამსაქმებელი                   სახელმწიფო
ხელფასის 2%                     ხელფასის 2%                     ხელფასის 1%     
თუ თქვენ თვითდასაქმებული ხართ და ნებაყოფლობით გაწევრიანდით საპენსიო სქემაში და თქვენი წლიური შემოსავალია 24 ათას ლარზე ნაკლებია:
თვიდასაქმებული                     სახელმწიფო
შემოსავლის 4 %                        შემოსავლის 2%
თუ თქვენ თვითდასაქმებული ხართ და ნებაყოფლობით გაწევრიანდით საპენსიო სქემაში და თქვენი წლიური შემოსავალია 60 ათას ლარზე ნაკლები:
თვიდასაქმებული                     სახელმწიფო
შემოსავლის 4 %                        შემოსავლის 1%
სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დასაბეგრი წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.        

ვისთვის არის ნებაყოფლობითი საპენსიო სქემაში მონაწილეობა?

ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი).

შემიძლია თუ არა გავიდე დაგროვებითი საპენსიო სქემიდან?

დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია,  გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.

რა უნდა გავაკეთო თუ ვარ 40 წელზე მეტის და მინდა გავიდე დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ?

2019 წლის 1 იანვრიდან პირველი ხელფასის მიღების შემდგომ ყველა დასაქმებული ავტომატურად ხვდება საპენსიო სქემაში.
 თუ თქვენ შეგისრულდათ 40 წელი და არ გსურთ იყოთ ამ სქემის მონაწილე მაშინ უნდა მიმართოთ საპენსიო სააგენტოს და გახვიდეთ დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
 ამ სქემიდან გასვლა შეგიძლიათ  2019 წლის 1 იანვრის შემდგომ პირველი ხელფასის მიღებიდან არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 5 თვისა. მაგალითად თქვენ თუ ხელფას აიღებთ 2019 წლის  იანვარში საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართოთ იმავე წლის აპრილ/მაისში. თუ პირველ ხელფასს აიღებთ 2019 წლის მარტში სააგენტოს უნდა მიმართოთ ივლისს/აგვისტოში.

თუ უარი ვთქვი საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე შემიძლია თუ არა ხელახლა გავწევრიანდე მასში? 

დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით. დასაქმებულის ხელახლა გაწევრებისას მონაწილე ჩაითვლება დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად.

როგორ  შეიძლება საპენსიო შენატანის განხორციელება?

საპენსიო შენატანი განხორციელება შეუძლია დამსაქმებელს, როგორც თავის ასევე დასაქმებულის სახელით. 
ხელფასის საბანკო ანგარიშიდან გადახდისას  შენატანის განხორციელება ხდება ხელფასის გაცემისას დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის საშუალებით. 
ხელფასის ნაღდი ფორმით გადახდისას  შენატანის განხორციელება ხდება ხელფასის გაცემისას  და დამსაქმებელმა შენატანი უნდა შეიტანოს დასაქმებულის  საპენსიო ანგარიშზე.
თვითდასაქმებული საპენსიო შენატანს ახორციელებს თავისი წლიური შემოსავლის დეკლარირებისას.

სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში რა ბედი ეწევა ჩემს შენატანებს?

მონაწილე დასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო სქემაში საპენსიო შენატანების განხორციელებას. მონაწილე საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე.
თუ მონაწილე შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო, შვებულების ან დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
თვითდასაქმებულ მონაწილეს, რომელიც შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას, შეუძლია ნებისმიერ დროს განაახლოს საპენსიო შენატანების განხორციელება.

როგორ გაიცემა დაგროვილი თანხა საპენსიო ასკის მიღწევისას?

საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან გრძელვადიანი პროგრამული გატანით.

გარდაცვალების შემთხვევაში როგორ განიკარგება საპენსიო ანგარიშზე დარიცხული თანხები?

თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს)  ერთიანი გადახდით ან მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

საპენსიო ასაკის მიღწევამდე შეიძლება თუ არ საპენსიო ანგარიშიდან თანხის გამოტანა?

მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს სამუდამოდ დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.
ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ მონაწილე წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს. თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ჩამოგეჭრებათ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შენატანი და დაიბეგრებით კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაწილე ასევე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო უფლებამოსილია მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.
ამ კანონის მიღებამდე ვისაც შეუსრულდა 40 წელი და უარს იტყვის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობას მას დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;

შემიძლია თუ არა ვნახო რამდენი მაქვს დაგროვილი საპენსიო თანხა?

 საპენსიო სააგენტო არანაკლებ კვარტალში ერთხელ აწვდის მონაწილეს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია საპენსიო შენატანების განხორციელების თარიღები და საინვესტიციო ამონაგები. ეს ინფორმაცია შეიძლება მიწოდებულ იქნეს ელექტრონულად. მონაწილისთვის ინფორმაციის მიწოდების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ.

რა უფლებები გამაჩნია საპენსიო ანგარიშზე არსებულ აქტივებზე?

საპენსიო აქტივები, რომლებიც აისახება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მონაწილის საკუთრებაა, თუმცა მონაწილის ქონებრივი უფლებები მის საპენსიო აქტივებზე არ შეიძლება დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება გადაეცეს მესამე პირს ან სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად .

როგორ განიკარგება საპენსიო ანგარიშზე გადარიცხული თანხები?  

საპენსიო სააგენტოსთან არსებულ  საინვესტიციო საბჭო, მის მიერვე   შერჩეულ კომპანიებში განახორციელებს  თქვენი საპენსიო თანხების ინვესტირებას (თქვენი საპენსიო თანხის  დაბანდება ეკონომიკურ საქმიანობაში მოგების მიღების მიზნით).
საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდება სამ განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში.
 მონაწილეს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელის კომბინაცია შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკის მიმართ ტოლერანტულობას.
 მონაწილე დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებიდან 1 თვის ვადაში, დისტანციური ელექტრონული წვდომის საშუალებით ან/და განცხადებით აფიქსირებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელის კომბინაცია შეეფერება მას.
სანამ მონაწილე არ გამოიყენებს ამ  უფლებას, საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) გაწევრების მომენტისთვის 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი;
ბ) გაწევრების მომენტისთვის 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი;
გ) გაწევრების მომენტისთვის 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი.

შემიძლია თუ არა უარი ვთქვა ჩემი საპენსიო აქტივების ინვესტირებაზე?

არა, ამის უფლება თქვენ არ გაგაჩნიათ.

ისჯება თუ არა ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა?

ამ კანონის დარღვევა  გამოიწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას:
1. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.