მოვალეთა რეესტრი

აღსრულების ეროვნულ ბიურო აწარმოებს იმ პირთა ელექტრონულ სიას, ვისაც ვალდებულება გააჩნია  კრედიტორის წინაშე. ვალდებულების არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სააღსრულებო ფურცლით, გირავნობის მოწმობით ან კანონით განსაზღვრული სხვა დოკუმენტის საშუალებით. აღსრულების დაწყებისთანავე მოვალე დაუყოვნებლივ შედის მოვალეთა სიაში, ესეიგი რეესტრში. რეესტრის მონაცემები საჯაროა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ გვერდზე.


ინფორმაცია პირის მოვალეთა რეესტრში მოხვედრის შესახებ ავტომატურად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჯარო რეესტრსა და საბანკო დაწესებულებებს. შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, აცნობოს აღსრულების ბიუროს ან კერძო აღმასრულებელს, გააჩნია თუ არა მოვალეს იარაღი ან ავტოსატრანსპორტო საშუალება კერძო საკუთრებაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოვალეს უჩერდება მისი ქონების განკარგვის უფლება. იდენტურად ხდება საჯარო რეესტრისა და საბანკო დაწესებულების შემთხვევაშიც. მოვალე ვეღარ განკარგავს მის მოძრავ ან უძრავ ქონებასა და ფულად სახსრებს, მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვამდე. ამორიცხვა კი შესაძლებელია ვალის დაფარვის, სასამართლო გადაწყვეტილების ან კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლებით.